18 ოქტომბერი 2015
17 ოქტომბერს კასპში მივიწყებული სახალხო ზეიმი, კასპობა აღინიშნა. ღონისძიება კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში კასპობას ლაიტმოტივად გასდევდა ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების მიერ წარმოდგენილი ცეკვისა და სიმღერის ნომრები. ქალაქის ქუჩებში ნახავდით მინი სპექტაკლებს, მიუზიკლებს, რომლებსაც კასპის ახალგაზრდა თაობა ცოცხლად ასრულებდა. ღონისძიებას დაესწრო შიდა ქართლის რწმუნებული -გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი: ,,კასპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებების გამართვა, განსაკუთრებით კი პატარებისთვის.თქვენ ხედავთ მათ გაბრწყინებულ თვალებს და ბედნიერ სახეებს” – აღნიშნა ზურაბ რუსიშვილმა. დღის ბოლოს გუბერნატორმა რეაბილიტირებული და აღდგენილი კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მოინახულა, სადაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაპოვნი ანტიკური ხანის და უძველესი პერიოდის ექსპონატებია დაცული. აღნიშნული მასალები მუზეუმის საცავებში ათწლეულების განმავლობაში ინახებოდა და მისი გამოფენა მუნიციპალიტეტის დახმარებით და მუზეუმის თანამშრომელთა ძალისხმევით 2015 წელს გახდა შესაძლებელი. ზურაბ რუსიშვილი მუზეუმის თანამშრომლებს გაესაუბრა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და მათი მოსაზრებები მოისმინა კულტურული სივრცის განვითარებასთან დაკავშირებით. დღის ბოლოს ზურაბ რუსიშვილმა კასპის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოჩა გოჩიტაშვილთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. კასპობას ესწრებოდნენ ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამგებლები. ღონისძიებაზე გოჩა გოჩიტაშვილმა წარმატებული აბიტურიენტები დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა.