Logo

პოლონურმა დელეგაციამ დამოუკიდებლობის დღე გორში აღნიშნა

11 ნოემბერი 2015

დღეს, 11 ნოემბერს,პოლონურმა დელეგაციამ, რომელიც ვარშავის უნივერსიტეტისა და პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებისგან შედგებოდა, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე გორში ადგილობრივი ხელისუფლების და სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნეს. დელეგაციამ გორის უნივერსიტეტში ახლახან გახსნილი ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრი მოინახულა, სადაც გორისა და ვარშავის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. შეხვედრას შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ამირან შავშვიშვილიც ესწრებოდა. პოლონელ სტუმრებს მიმართეს გ ს უ – ს რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ორი ქვეყნის მეგობრულ ტრადიციებზე ისაუბრა სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ. მასპინძლებმა პოლონელ სტუმრებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს, რის შემდეგაც მხარეებმა უნივერსიტეტიდან წმინდა წყლის დასახლებაში გადაინაცვლეს, სადაც ქალაქ გორის მერიის ინიციატივით გაიხსნა მარშალ პილსუდსკის გამზირი. თავის დროზე მარშალმა პილსუდსკიმ წითელი არმიისაგან დევნილობაში მყოფი ქართველი გენერლები და იუნკერები პოლონეთში მიიღო, დააფინანსა და საკუთარ არმიაში ჩაირცხა. აღსანიშნავია, რომ მარშალ პილსუდსკის სახელობის ქუჩაზე პოლონური მხარის მიერ ახალი სკვერის მოწყობა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის შეკეთებაა დაგეგმილი. პოლონური დელაგაციის წარმომადგენლობამ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა გულითადი მასპინძლობისა და მეგობრობისთვის.