Logo

ანდრო ბარნოვი: "პრობლემები პოლიტიკურ ჭრილში უნდა წყდებოდეს და არა ძალისმიერი გზებით"

22 მაისი 2013

"ეს ფაქტი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ადგილი აქვს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა ჩვენს მხარდამჭერებზე ზეწოლისა. 2 დღის წინ ჩვენი ადმინისტრაციის თანამშრომელის სახლში ღამით, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და ორდერის გარეშე სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს და ვერაფერი აღმოაჩინეს. დღეს კასპში საკრებულოს თავმჯომარეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩამოვედი კასპში, რათა უკეთ გავერკვე ვითარებაში. ვაპირებ, რომ შევხვდე პოლიციის უფროსს, კასპის გამგებელს და აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით და სამომავლო თანამშრომლობაზეც ვისაუბროთ. ასეთი მეთოდები მიუღებელია და პრობლემები პოლიტიკურ ჭრილში უნდა წყდებოდეს და არა ძალისმიერი გზებით", - განაცხადა ანდრო ბარნოვმა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტების თაობაზე წერილობით უკვე შეატყობინა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის მინისტრს, გენერალურ პროკურორს და სახალხო დამცველს. ამასთან, გუბერნატორი აპირებს, რომ ინციდენტების თაობაზე საქმის კურსში და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩააყენოს. მისივე თქმით, იგი ზეწოლის არც ერთ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს. აღსანიშნავია, რომ გუბერნატორთან შეხვედრაზე დღეს კასპის გამგებელი ოლეგ იაძე არ მოსულა, იმ მოტივით რომ ქალაქში არ იმყოფებოდა. კასპის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ ოთაროვმა კი, ანდრო ბარნოვთან ხანმოკლე საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აღნიშნული ცემის ფაქტზე გამოძიება ობიექტურად ჩატარდება.