Logo

ანდრო ბარნოვი "გორის მაცნეს“ რედაქციას სტუმრობდა

22 მაისი 2013

"ჩვენი გაზეთისადმი განსაკუთრებულ ინტერესს სოფლის მოსახლეობა იჩენს და ყველაზე მეტი გაზეთი სოფლებში იყიდება. შემოქმედებით ჯგუფს გვაქვს განვითარებასა და გაფართოებასთან დაკავშირებული გეგმები, მაგრამ არსებული დაფინანსების პირობებში ამ გეგმების განხორციელება შუძლებელია. ჩვენი ყოველთვიური ბიუჯეტი 2500 ლარია, რომელიც უნდა ვამყოფინოთ გაზეთის ბეჭდვას, დისტრიბუციას, გადასახადებს და ჩვენს ხელფასებს. ვერც ტირაჟის გაზრდას ვახერხებთ, გვაქვს დისტრიბუციის პრობლემაც“, - აღნიშნა "გორის მაცნეს“ რედაქტორმა ია თინიკაშვილმა. გუბერნატორმა ხაზი გაუსვა მუნიციპალური გაზეთის და, ზოგადად, ბეჭდური მედიის მნიშვნელობას რეგიონისთვის და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის როლი მხოლოდ გაზეთის მიზერული დაფინანსება არ უნდა იყოს. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი და სოფლის რწმუნებულები აქტიურად უნდა დაეხმარონ უფასო დისტრიბუციაში რეგიონში მოქმედ ყველა გაზეთს, მითუმეტეს, რომ ეს არ იქნება დაკავშირებული დამატებით შრომასთან ან დანახარჯებთან. გუბერნატორმა მოუწოდა გაზეთის რედაქციას, რომ აქტიურად ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტთან ამ პრობლემის მოგვარებისათვის და მზადყოფნა გამოთქვა, ყველა მის ხელთ არსებული საშუალება გამოიყენოს იმისათვის, რომ ბეჭდური მედიის ტირაჟი გაიზარდოს და მოსახლეობას უფრო ფართოდ მიუწვდებოდეს ხელი ინფორმაციაზე. მან კმაყოფილება გამოთქვა გაზეთის მაღალი ხარისხით და ისაუბრა სარედაქციო დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე. გუბერნატორის განცხადებით, ის რეგიონში მოქმედ ყველა მედიასაშუალებას ეწვევა და სიღრმისეულად გაეცნობა მათ მუშაობას. „გორის მაცნეში“ ხუთი ადამიანი მუშაობს და ის ყოველკვირეულად გამოდის. ექვსგვერდიან გაზეთში პოლიტიკურ ამბებთან ერთად სოფლის მეურნეობის, მედიცინის, რელიგიის და კულტურის საკითხებზეც იბეჭდება სტატიები. გაზეთს საბავშვო, გასართობი და შემეცნებითი რუბრიკებიც აქვს.