Logo

კონფლიქტისპირა სოფლებში ახალი მავთულხლართები გაჩნდა

11 მარტი 2013

„საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობას ალაგებს და ამის დასტურად იწვევს ინსპექტორებს რუსეთიდან, იწყებს სოფლის პროდუქციის ექსპორტს რუსეთში, მუშაობს სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, ბოდიშებით ესაუბრება კრემლს და მოცეკვავეებს უგზავნის პუტინს. და ამ დროს რუსეთი, რომელზეც ეს ხელისუფლება გვეუბნება, რომ ურთიერთობას დაალაგებს, მოდის და აგებს ახალ მავთულხლართებს. ამით პუტინი გვეუბნება ჩვენ და ეუბნება ბიძინა ივანიშვილს, რომ მის ინტერესებში არ შედის სიტუაციის დარეგულირება, არ აინტერესებს არც ბიძინა ივანიშვილიც და არც მთელი საქართველო, თავისი ოსებით, აფხაზებით, სომხებით და აზერბაიჯანელებით. კრემლი გვეუბნება, რომ არ ფიქრობს აქ ოდესმე სიტუაციის დალაგებაზე და გველაპარაკება ისევ ძალის პოზიციიდან. თან ამას აკეთებს მკაფიოდ და ხაზგასმით, როგორც ძალის დემონსტრირებას მაშინაც კი, როდესაც მოლაპარაკებების ახალი ტალღაა დაწყებული. ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ არჩევნების წინ ბატონი ბიძინა ამბობდა, რომ რუსეთიდან რაღაც პოზიტიურ ნიშნებს ხედავდა და მე ვეკითხები მას, რა ნიშნები ქონდა ასეთი, რომ მთელი ერი ოპტიმიზმით აღავსო? კიდევ უნდა გვქონდეს მის მიერ მოხდენილი თუ მოსახდენი სასწაულების იმედი თუ თვითონაც დაიჯერა უკვე, რომ კრემლში ცეკვა–თამაშით სიტუაციას ვერ გამოვასწორებთ? და მე მინდა, თქვენ მითხრათ, რა ქვია ამას, ჩვენი ხელისუფლების მიერ ილუზიებში ცხოვრება, ხალხის მიზანმიმართული მოტყუება, არაპროფესიონალიზმი, ავანტურიზმი თუ რაიმე უფრო მძიმე? ორი კვირაა, რაც თურმე ეს პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ გვაქვს ახალი ხლართები ხურვალეთში, გუგუტიანთკარში, ქარელის რაიონის მთელ მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. როგორ ხერხდება, რომ ხელისუფლება არ რეაგირებს ამ ფაქტებზე? ეს ხდება იმ დღეებში, როცა ჩვენი მოცეკვაცეები პუტინს ართობენ და ხელოვანთა დიპლომატიაზე გველაპარაკებიან. და როგორ რეაგირებს ამაზე საზოგადოება? სად არის მედია და სად არის ხელისუფლება, რომელმაც საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიაწოდოს? ეს არის ის კითხვები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაისვას, თუ გვინდა, რომ ჩვენ ოდესმე თანამედროვე ერად ჩამოვყალიბდეთ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ასეთი უპრინციპობა და უპასუხისმგებლობა. თუ ვინმეს გონია, რომ ხმის ამოღებით ქართულ ოცნებას დაუპირისპირდება და ამიტომ დუმს, მაშინ ასეთები იმაზე დაფიქრდნენ, რომ მსგავსი მიდგომით ნებისმიერ ხელისუფლებას ძირი გამოეთხრება. ჩვენ თუ გვინდა, რომ რამეს მივაღწიოთ როგორც ერმა და როგორც სახელმწიფომ, თუ თუნდაც რუსეთთან გვინდა სიტუაციის დარეგულირება ისე, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება შევინარჩუნოთ, თუ ჩვენი ჭკუისა და შეძლების შესაბამისად გვინდა, განვვითარდეთ და ფერადი სათვალეების ნაცვლად, ახელილი თვალებით დავუწყოთ ყურება ცხოვრებას, მაშინ ხელისუფლებას უნდა ვუბრძანოთ, რომ თვალთმაქცობას თავი დაანებოს და პირდაპირ გვითხრას, რომ რუსეთთან პრობლემების მოგვარება მათი ზღაპარია და სინამდვილეში აზრზე არ არიან, რას და რატომ აკეთებენ. ქვეყნისა და სახელმწიფოს მაგივრად ცარიელი ადგილი არ უნდა დაინახონ ჩვენმა პარტნიორებმა თუ დაპირისპირებულმა მხარეებმა. ამიტომ, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ღირსების საქმეს და მოვთხოვოთ პასუხი იმას, ვინც ამ ხლართებს ავლებს და იმასაც, ვინც ამაზე თვალს ხუჭავს,“ – განაცხადა კონფლიქტის ზონიდან დაბრუნებულმა ანდრო ბარნოვმა.