Logo

ქართული დელეგაციის ვიზიტი იტალიაში

11 თებერვალი 2016

კონკრეტული ინიციატივებითა და თანამშრომლობის გაგრძელების შეთანხმებით დასრულდა ქართული დელეგაციის ვიზიტი აგროტექნიკის მწარმოებელთა ფორუმზე იტალიაში, სადაც მასპინძელი კომპანიების მიწვევით ქართულ დელეგაციასთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი და მისი მოადგილე ამირან შავშიშვილი იმყოფებოდნენ. ტექნიკის საგამოფენო სივრცე ლომბარდიის მხარეში, ქალაქ გვიდიჩელოში მოეწყო. მწარმოებლებთან შეხვედრები მიზნად ისახავდა ადგილობრივი კომპანიების მიერ სტუმრად მყოფი ოფიციალური პირებისა და ფერმერებისთვის ადგილზე წარმოებული ტექნიკის გაცნობას და დელეგაციებთან საქმიანი შეთანხმების მიღწევას. აქვე გეტყვით, რომ ლომბარდიის მხარე, იტალიაში ერთ–ერთ ყველაზე მდიდარ რეგიონად ითვლება. სამეურნეო ტექნიკის წარმოების თვალსაზრისით კი ევროპაში ლიდერია. ფერმერები იტალიაში შიდა ქართლიდანაც იმყოფებოდნენ და ადგილზე წარმოებული ტექნიკის შეძენითაც დაინტერესდნენ. პრეზენტაციაზე კომპანიების: ფერარის,ფორიგოს,იდეალის და ლუჩინის მესვეურებმა, ასევე სხვადასხვა აგროტექნიკის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, სტუმრებს უახლესი მოდელის ტექნიკა – დანადგარების მუშაობის პრინციპიც გააცნეს. შეხვედრა გაიმართა ლომბარდიის გუბერნატორის პირველ მოადგილე ჯოვანნი ფავასთან, სადაც ზურაბ რუსიშვილმა ისაუბრა საქართველოში ეკონომიკურ მდგომარეობასა და საინვესტიციო პოტენციალზე, ასევე ყურადღება გაამახვილა აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის მიმდინარეობაზე და მის ეკონომიკურ პერსპექტივებზე.