Logo

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის სხდომა შედგა

15 ნოემბერი 2015

 შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის სხდომა შედგა. სხდომას მხარის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, მუნიციპალიტეტების გამგებლები, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელები, "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენელბი და საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელი კახა ბუხრაძე ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა გიორგი ამაშუკელს და ზურაბ რუსიშვილს ამ დროისთვის სტიქიის ზონებში არსებული ვითარება გააცნეს. ენერგო მომარაგების საკითხზე ისაუბრეს ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა. მათი მოხსენებით, ელექტორო ენერგიის სრულად აღდგენისთვის კომპანიის მიერ სტიქიის ზონებში გაგზავნილი ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. გიორგი ამაშუკელის განცხადებით მთავრობა სრულიად აანაზღაურებს სტიქიისგან მიყენებულ ინფრასტრუქტურულ ზარალს. ზურაბ რუსიშვილმა საგანგებო შტაბის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ოპერატიული მუშაობისათვის და კოორდინაციის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. წყლის დონის მომატების გამო, რომელმაც მოსახლეობას კოტეჯები დაუტბორა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა, დღეს საღამოს, მოხისის დევნილთა დასახლებაში ათამდე ოჯახის ევაკუაცია მოახდინეს. მათი დროებითი განთავსება ქალაქ გორის მერიამ უზრუნველყო. დაბინავებასთან ერთად მერია ევაკუირებული მოსახლეობის კვებისა და პირველად საჭიროებებების საკითხს უზრუნველყოფს. საგანგებო შტაბის შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, ქალაქ გორის მერთან ზურაბ ჯირკველიშვილთან და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა გულიაშვილთან ერთად ევაკუირებული მოსახლეობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. მხარის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის განცხადებით, საგანგებო შტაბი მუშაობას სტიქიის შედეგების აღმოფხვრამდე გააგრძელებს.