16 თებერვალი 2016
შიდა ქართლის გუბერნატორმა სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს საერთაშორისო ფორუმში მონაწილე პოლონეთისა და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობისა და განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრას გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და გუბერნატორის მოადგილეები სოსო ოქრომელიძე და ამირან შავშიშვილი ესწრებოდნენ. პოლონეთს წარმოადგენდნენ პომორსკის ოლქის გუბერნატორი კრისტოფ თრაკიცკი და ბიალისტოკის ვიცე მერი რობერტ იუჟკიაკი. უკრაინიდან შეხვედრას ესწრებოდა დეპუტატი ევგენი ტკაჩუკი. ზურაბ რუსიშვილმა დელეგაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის რომელსაც მათი ქვეყნები წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ იჩენენ. მხარის რწმუნებულმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა შიდა ქართლის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ. თავის მხრივ თანამშრომლობის მზადყოფნა სტუმრებმაც გამოთქვეს. მათ ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირიდან დაფინანსების მიღების წესებსა და საშუალებებზე. სტუმრებმა ხაზი გაუსვეს ჩვენი ქვეყნის თვალშისაცემ დინამიკას ევროინტეგრაციის გზაზე. ვიცე მერის, რობერ იუკიაკის თქმით, საქართველო პოლონეთში მოდურ და საინტერესო ქვეყანად ითვლება. პოლონეთის მრავალ ქალაქში უკვე შესაძლებელია საქართველოში წარმოებული პროდუქციის შეძენა – აღნიშნა მან და დასძინა, რომ საქართველო ტურისტული თვალსაზრისითა განსაკუთრებულად იზიდავს პოლონელებს. სტუმრებმა მხარის გუბერნატორს ზურაბ რუსიშვილს და ქალაქის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს მადლობა გადაუხადეს გულითადი მასპინძლობისა და მნიშვნელოვანი ფორუმის ორგანიზებისთვის. შეხვედრის დასასრულს ზურაბ რუსიშვილმა დელეგაციის წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. თავის მხრივ რწმუნებულს სუვენირები მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებმაც უსახსოვრეს.