Logo

ხვალ გორში, რეაბილიტირებულ ციხისუბანში "ქართლის ღვინის ფესტივალი" გაიმართება

25 ივნისი 2013

ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმსარულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სასულიერო პირები არიან მიწვეულნი. ფესტივალზე წარმატებულ ღვინის კომპანიებთან ერთად, რეგიონის მცირე მარნები და მევენახე-გლეხებიც იქნებიან, რომლებიც წარმოადგენენ ადგილობრივი უნიკალური ჯიშებიდან დაყენებული, განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე სხვადასხვა სახეობის ღვინოს, რომლებიც ბაზრებზე ჯერ არ გასულა და რომელთა შერჩევასაც "ქართლის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია" წინასწარ აწარმოებდა. ფესტივალის სტუმრებს ღვინის უფასო დეგუსტაციის და ყიდვის საშუალება ექნებათ. ღვინის გარდა, სტუმრებს შეეძლებათ, შეიძინონ სხვადასხვა სახეობის და ასორტიმენტის ყველი, მწვადი და პური, რომლებიც მთლიანად ადგილობრივი რესტორნებისა და მწარმოებლებისგან იქნება მიწოდებული. ფესტივალზე ასევე გაიყიდება ადგილობრივი წარმოების ჩირი, ჩურჩხელა, ტკბილეული, ხელოსნების მიერ წარმოებული სუვენირები, ნახატები და სხვა. ფესტივალზე ისტორიული ნივთები და ფოტოები გამოიფინება ადგილობრივი მუზეუმებიდან, რომლებიც დაკაშირებულია ღვინოსთან და ადგილობრივ ტრადიციებთან, ასევე ისტორიული გორის ძველი უბნის ცხოვრების ამსახველი ფოტოები მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე. ფესტივალზე გამარჯვებული არ გამოვლინდება. მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, თავისი შეხედულებისამებრ რჩეული ღვინო დაასახელონ. ორგანიზატორები ფესტივალში მონაწილე ყველა მეღვინეს სიგელებს და საჩუქრებს გადასცემენ. ფესიტვალს მუსიკალურად ადგილობრივი ჯაზ-ბენდი "კანუდოსი" და ქართული ხალხური ანსამბლი გააფორმებს. ფესტივალის მასპინძელია შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია. ღონისძიებას ორგანიზებას "ქართლის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია" და რეგიონული განვითარების სააგენტო უწევენ. ფესტივალი წელს პირველად ტარდება და ორგანიზატორების სურვილია, რომ ის ტრადიციული გახდეს. ფესტივალი მიზნად ისახავს განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე ქართლის ღვინის პოპულარიზებას, ადგილობრივი ვაზის ჯიშების შენარჩუნებას და გამრავალფეროვნებას, რეგიონში შემორჩენილი უნიკალური ჯიშებიდან დაყენებული ღვინის გაცნობა-პოპულარიზაციას, გლეხებისთვის დამატებით შემოსავლის მოტანას, ქართლის ღვინის მწარმოებელთა კატალოგის შექმნას შემდგომი კონსულტაციებისა და სერვისების მიწოდების მიზნით, ახალ მწარმოებელთა დაინტერესებას, შიდა თუ გარე ბაზრების ყურადღების მიპყრობას.