27 მაისი 2016
ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ რუისის, სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში დაზარალებულებისგან ზიანის შესახებ პირველადი ინფორმაცია მიიღო.
იოსებ ოქრომელიძე მოსახლეობას ზარალის დათვლას და მისი მოცულობის შესაბამისი სამსახურებისთვის, ასევე საქართველოს მთავრობისთვის მიწოდებას უმოკლეს პერიოდში დაპირდა.
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში უკვე შეიქმნა ზარალის შემსწავლელი კომისიები, რომლებიც დღეიდან სამეურნეო სავარგულებზე სტიქიისგან მიყენებული ზიანის შესწავლას დაიწყებენ და დასკვნას უმოკლეს ვადაში დადებენ.
დაზარალებული მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც აგროდაზღვევის პროგრამით სარგებლობს, იოსებ ოქრომელიძის თქმით სადაზღვეო კომპანიების მიერ მათ მიყენებული ზარალი დაუყოვნებლივ აუნაზღაურდება.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საღამოს საათებში გორის მუნიციპალიტეტის 13 და ქარელის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში ძლიერმა სეტყვამ მოსხლეობას ხეხილი და ბოსტნეული კულტურები დაუზიანა. გუშინდელი სტიქიის შემდეგ განსაკუთრებული ზარალი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მოსახლეობას მიადგა.