08 ივნისი 2016
7 ივნისს , აგარა-ზემო ოსიაურის 7 კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ მიმართულებაზე გადაერთო.
ახალი გზა, ოფიციალურად, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ,შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა გახსნეს.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სატრანსპორტო ქსელის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს საქართველოს ბევრი ტურისტი სტუმრობს, რომლებიც შეძლებენ, ისარგებლონ ჩქაროსნული მაგისტრალით.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ მორიგი მონაკვეთი უნდა გავხსნათ - ეს არის აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის უდიდესი ნაწილი. ძალიან კარგია, რომ ეს ხდება დღეს, ვინაიდან დღეს არის ბევრი ტურისტი ჩამოსული საქართველოში და როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე ჩამოსული სტუმრები ისარგებლებენ ამ გზით. პროექტ „Check in Georgia"-ს ფარგლებში დღეს იგეგმება დიდი კონცერტი ბათუმში და უკვე შესაძლებელი იქნება ამ გზით სარგებლობა," - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მთავრობის ამბიციური გეგმის შესახებ და რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში ქვეყნის სივრცითი განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. მისი თქმით, სივრცითი განვითარების მოდელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი სატრანსპორტო ქსელის მშენებლობაა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობა 2020 წლის ბოლოს უმთავრესი სატრანსპორტო არტერიების დასრულებას გეგმავს.
" ჩვენ ვგეგმავთ, რომ წელს გავხსნათ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რიკოთის მონაკვეთი, ანუ ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი. უკვე დაწყებულია ამ პროექტზე ძალიან აქტიური მუშაობა და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში დაიწყება უკვე რეალური მშენებლობითი სამუშაოები. ამას გარდა 2020 წლის დასასრულისთვის და ეს ასე არ იყო დაგეგმილი ნამდვილად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უმთავრესი არტერიები საქართველოსი იქნას დასრულებული. ამ პერიოდისთვის მოგეხსენებათ, რომ ანაკლიის პორტის პირველი ფაზაც დასრულებული იქნება და აღმოსავლეთ-დასავლეთით, ჩრდილოეთ-სამხრეთით ძირითადი მაგისტრალები დასრულდება. ამ პერიოდისთვის ასევე იქნება დასრულებული ძირითადი ტურისტული მიმართულებების დამაკავშირებელი გზები და ეს არის სვანეთისკენ მიმავალი გზა თავისი გვირაბებით; ეს არის ქუთაისი-აბასთუმნის გზა. ქუთაისი ჩვენ უნდა ვაქციოთ საქართველოს შიდა ჰაბად, რომელიც იქნება დამაკავშირებელი ყველა წერტილთან. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გზების პროექტირებას. უკვე წელს დავიწყებთ პროექტირებას მთა-თუშეთში მიმავალი გზის, ვინაიდან, ამას გააჩნია ძალიან მრავალმხრივი დანიშნულება - ეს არის უსაფრთხოების მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი რეგიონი. ვგეგმავთ რაჭის განვითარების მიმართულებით ახალი გზის აშენებას, რომელიც გომსა და რაჭას დააკავშირებს. ეს ყველაფერი მოიტანს საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან სტიმულს განვითარებისა," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილ პროექტებში აქტიურად ჩაერთვება კერძო სექტორი და საქართველო რეალურად შეძლებს, შეასრულოს "აბრეშუმის სარტყლის" შემადგენელი, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ფუნქცია.
"ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობა და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის სახელით მსოფლიო ბანკს, სხვა ინსტიტუტებს, რომლებიც არიან ჩართულნი ამ უმნიშვნელოვანეს პროექტებში. კომპანია " ბლექ სი გრუპის" წარმომადგენლები იმყოფებიან აქ და ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, მართლაც, უმაღლესი ხარისხით შესრულებული სამუშაოსთვის. საერთოდ უნდა ვთქვა, რომ კერძო სექტორის ჩართულობა უნდა იყოს უფრო მაღალი ასეთ პროექტებში. ჩვენ ახლა დაწყებული გვაქვს ძალიან ბევრ პროექტზე ერთდროულად მუშაობა დიზაინზე და წინასწარ კვლევებს ვატარებთ, მომავალი წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის ამ სამუშაოს დიდი ნაწილი გვექნება დასრულებული და ერთად დაიქოქება ძალიან ბევრი პროექტი. სწორედ ეს იქნება ნამდვილად საქართველოს, როგორც "აბრეშუმის სარტყლის" შემადგენელი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ფუნქციის სრულად ათვისების წინაპირობა," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა გზის გახსნა ასევე მიულოცა ადგილობრივ მაცხოვრებლებს. მისი თქმით, ჩქაროსნული მაგისტრალი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეკონომიკის განვითარებაში.
"მინდა ასევე მივულოცო ადგილობრივ მაცხოვრებლებს. 500-ზე მეტი ადამიანია ადგილობრივი დასაქმებული მარტო ამ მონაკვეთზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები საცხოვრებელი ადგილის მიტოვების გარეშე შოულობენ თავიანთ სარჩო-საბადებელს , თავიანთ ოჯახებს ინახავენ, ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა, იმისთვის კეთდება, რომ საგზაო არტერიების განვითარებასთან ერთად განვითარდეს ჩვენი ქვეყნის რეგიონები და ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ, ყველანი ერთად ავაგუგუნებთ საქართველოს," - აღნიშნა პრემიერმა.
აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთი ე.წ „აბრეშუმის სარტყელის" შემადგენელი ნაწილია და ევროპა-აზიის გავლით, ჩინეთში სატრანზიტო მიმოსვლის მნიშვნელოვან კვანძს წარმოადგენს. აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთიდან დღეს გაიხსნა 7 კილომეტრი, დარჩენილ 5 კილომეტრზე კი სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება. აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტით, ევროპული სტანდარტების შესაბამისად შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 2 სატრანსპორტო კვანძი, 2 პარალელური ხიდი და 2 გზაგამტარი. მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებულია 500-მდე ადამიანი.