15 ივნისი 2016
ხაშურის მუნიციპალიტეტში, სპორტ კომპლექსის მიმდინარე სამუშაოები შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქრომელიძემ, გუბერნატორის მოადგილემ, ამირან შავშიშვილმა და ხაშურის გამგებელმა, გიორგი გურასპაშვილმა მოინახულეს.
რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსებული სპორტ კომპლექსის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და 2017 წლის სექტემბერში დასრულდება. იოსებ ოქრომელიძის თქმით, სპორტ კომპლექსის მშენებლობა დიდ როლს ითამაშებს ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების განვითარებაში.
„სპორტ კომპლექსის ტერიტორია მოსახლეობის მიერ გამოიყენებოდა ნაგავსაყრელად და მას სხვა დანიშნულება არ გააჩნდა. ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში კი მივიღებთ 600 კაციან საშეჯიბრო, საჭიდაო, სატრენაჟორო დარბაზებს. ამასთანავე იქნება სასტუმრო, კვების ბლოკი. შესაბამისად, ეს იქნება სრული კომპლექტი იმისათვის, რომ მივიღოთ ნებისმიერ სახის სპორტული შეკრება ადგილობრივ თუ რეგიონალურ დონეზე. გარდა ამისა, კეთილმოეწყობა ეზოს მიმდებარე ტერიტორია, სადაც დაიგება 2000 მ2-ზე მეტი ხელოვნურ საფარი. სპორტ კომპლექსს აგრეთვე ექნება საკუთარი ავტოსადგომი“ – აღნიშნა ხაშურის მუნიციპალტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე მსგავსი ტიპის სპორტული კომპლექსი არ არსებობდა, რაც მოსახლეობის, უმეტესწილად კი ახალგაზრდობის მოთხოვნას წარმოადგენდა.