29 ივლისი 2016
შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ოფიციალური ვებ გვერდის საშუალებით (Shidakartli.gov.ge) ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის მიერ რეგიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციას ოსურ ენაზეც გაავრცელებს. ,,მნიშვნელოვანია საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები მოსახლეობის და ზოგადად ოსურენოვანი მოქალაქეების ინფორმირება იმ სიკეთეების თაობაზე რასაც სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს" – აცხადებენ ადმინისტრაციაში. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის იოსებ ოქრომელიძის თქმით, ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია შეეხება როგორც რეგიონში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის, განათლების,სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის ხელშეწყობისკენ მიმართულ სახელმწიფო პროგრამებს. შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია განახლებული ვებ გვერდის საშუალებით ამ დრომდე ინფორმაციას ქართულ და ინგლისურ ენაზე ავრცელებდა.