Logo

გორში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

01 აგვისტო 2016

ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება, - ამ მიმართულებით 65 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია განხორციელდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის  სხდომაზე განაცხადა, ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მოსახლეობის გაჯანსაღებაში.

მრავალფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლეები ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში აშენდება. 


მთავრობის მეთაურმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს მიმართა თხოვნით, მოიძებნოს საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის სწორი მოდელი, რათა, ერთის მხრივ, სერვისები ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის და, მეორეს მხრივ, ინფრასტრუქტურა იმართებოდეს ჯანსაღი ბიზნესმოდელით.

"სახელმწიფო, ალბათ არ უნდა გახდეს უკვე არსებული ინფრასტრუქტურის კონკურენტი და უნდა მოიძებნოს სწორი პარტნიორობის მოდელი, რათა კონკურენტული გარემო არ დავაზიანოთ. ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომი ფართო მასებისთვის და მნიშვნელოვანი იქნება, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ არ გავხდეთ ამ ინფრასტრუქტურის მმართველი", - აღნიშნა პრემიერმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 2017 წელს, საქართველო არაერთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს, მათ შორის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს რაგბიში და განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს, როგორც ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებების მაღალ დონეზე მასპინძლობას, ასევე საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარებას.

ტარიელ ხეჩიკაშვილის ინფორმაციით, დიდია მეზობელი ქვეყნების ინტერესი საქართველოში ერთობლივი შეკრებებისა და სპორტული ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით.

"ბოლო ოთხი წლის მანძილზე, სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურისა თუ ღონისძიების მიმართულებით, სახელმწიფოს მხრიდან ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს ქართული სპორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა. შესაბამისი შედეგიც გვაქვს - საქართველო პრაქტიკულად გახდა რეგიონული ცენტრი, სპორტული ღონისძიებების თვალსაზრისით", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა