Logo

ენერგეტიკა – 2013 წლიდან დღემდე შიდა ქართლის რეგიონში განხორციელებული პროექტები

17 აგვისტო 2016

გაზიფიცირება

2013 წლიდან დღემდე შიდა ქართლის  რეგიონში ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა 22 ათასამდე აბონენტს. გაზიფიცირების სამუშაოები  გრძელდება და 2016 წლის გეგმის მიხედვით, ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა კიდევ მიეცემა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ 3000-ზე მეტ აბონენტს.

ამასთან, 2013 წელს  დაიწყო  საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტი.

პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარი გამოიყო. პროექტის  ფარგლებში  ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე  68 სოფლებში მცხოვრებ 14 ათასს ოჯახს.

გამრიცხველიანება

2013-2016 წლებში შიდა ქართლის რეგიონში ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა 26400 აბონენტს. გამრიცხველიანების სამუშაოები წელსაც გრძელდება და გეგმის მიხედვით, 2016 წლის ბოლომდე ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდება და გაუმჯობესებული მომსახურეობით ისარგებლებს შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები   6600-ზე მეტი აბონენტი.

უშუქო სოფლების ელექტროფიცირება

„სინათლე ყველა სოფელს“ პროექტის ფარგლებში  სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ელექტროფიცირდა 25 უშუქო სოფელი. პროექტის ფარგლებში - ამ ეტაპზე, მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ 4 უშუქო სოფლის ელექტროფიცირება. ასვე, USAID-მა 2012-2013წწ განახორციელა ელექტროფიცირების სამუშაოები 4 სოფელში.

შიდა ქართლის რეგიონში განხორციელდა 7 სოფლის ელექტროფიცირება: გოსტიბე, ღართა, ზემო ლელეთი, ზედა ქსოვრეთი, ცხავერი, ოქროსოფელი და გაგლოანთუბანი.

ჰიდროელექტრო სადგურები

დასრულდა „შაქშაქეთი ჰესის“ მშენებლობა, რომლის სიმძლავრე 1.5 მგვტ–ია, ხოლო წლიური გამომუშავება 8 მლნ კვტ.საათს შეადგენს. შაქშაქეთი ჰესის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდა. საინვესტიციო ღირებულებამ 3 მლნ.აშშ დოლარი შეადგინა.       .

ამჟამად მიმდინარეობს 6 განახლებადი ელექტროსადგურის პროექტის განვითარება. მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე 245 მეგავატია, მოსალოდნელი წლიური გენერაცია 950 მლნ. კვტ. საათია, ხოლო სავარაუდო ინვესტიცია 350 მლნ. აშშ დოლარს აღემატება.

მიმდინარეობს ქარის ელექტროსადგურის  „ქართლი 1“-ის  მშენებლობის პროცესი, რომელიც 2016 წლის ბოლომდე დასრულდება. მისი დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატია, გამომუშავება 88 მლნ. კვტ.სთ, ხოლო ინვესტიცია 34 მლნ. აშშ დოლარია.

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზეა ხუთი პროექტი. მათი ჯამური სიმძლავრე 224 მეგავატია, გამომუშავება 860 მლნ. კვტ.სთ, ხოლო მოსალოდნელი მთლიანი ინვესტიცია 316 მლნ. აშშ დოლარამდეა. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტებს შორის სამი ქარის ელექტროსადგურია. 

მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაცია

დასრულდა მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელის“ 700 მმ დიამეტრის 20კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 3 715416,23 მლნ. აშშ დოლარია. მშენებლობა 2014 წლის მარტში დაიწყო და წლის ბოლოსათვის დასრულდა.

პროექტის შედეგები: მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელის“ 700 მმ დიამეტრის 20კმ-იანი მონაკვეთის არსებულ მონაკვეთზე 1960-იან წლებში აშენებული 500მმ დიამეტრის სექციები 700 მმ დიამეტრის სექციებით შეიცვალა, რითაც გაიზარდა მილსადენის გამტარუნარიანობა.

„გორი-ქარელის“მონაკვეთის მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის  რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში განხორციელდა. პროექტების რეალიზაცია  ხელს შეუწყობს შიდა ქართლისა და დასავლეთ საქართველოს რეგიონების მოსახლეობისა და საწარმოთა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და შავიზღვისპირა რეკრეაციული ზონის გარანტირებული გაზმომარაგების გაზრდას.

ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა

დასრულდა გაბარიტის აღდგენის სამუშაოები 500 კვ ელექტროგადამცემ  ხაზზე "ქართლი-1"-ზე. პროექტის ღირებულებამ 250 ათასი ლარი შეადგინა. სამუშაოები 2013 წლის ნოემბერში დასრულდა.

პროექტის შედეგი: ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობისა და მდგრადობის გაზრდა.