Logo

პრემიერ მინისტრმა შიდა ქართლში ახალი საწარმოები მოინახულა

30 სექტემბერი 2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კასპში მაღალტექნოლოგიური, მიკრობიოლოგიური საწარმო „ჯეოფერტი“ დაათვალიერა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ბაქტერიულ, ჰუმინურ, ორგანო-მინერალურ სასუქებს აწარმოებს.ღონისძიებას შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ოქრომელიძეც ესწრებოდა. 
საწარმო აღჭურვილია ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით და საწარმოო ხაზებით.
ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ძალიან ნათელი მაგალითი - ასე შეაფასა პრემიერმა ახლად გახსნილი საწარმო, სადაც ქართველი მეცნიერების მონაწილეობით, ნიადაგის აღმდგენის ახალი ტექნოლოგია შემუშავდა. 

დღესვე პრემიერმა რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად, 4,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის და შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კიდევ ერთი ამჯერად ხილის სპირტის საწარმო  ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში გახსნა.
თანამედროვე, იტალიური დანადგარებით აღჭურვილი საწარმო არასტანდარტულ ხილს იბარებს, რითაც 86°-იანი სპირტი მზადდება.
პრემიერის განცხადებით, არასტანდარტული ხილის ჩაბარება ხშირად პრობლემა იყო და ახალი ქარხანა, ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება. გარდა ამისა, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საწარმო ბევრ ადამიანს ასაქმებს, როგორც პირდაპირი წესით, ასევე, არაპირდაპირი წესით, იქიდან გამომდინარე, რომ ხილს შეისყიდის, რაც მნიშვნელოვანია სოფლად მცირე მეურნეობების წახალისებისთვის.