Logo

გორში ძიუდოს ახალი დარბაზი გაიხსნა

02 დეკემბერი 2016

გორში, კომბინატის დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების მქონე ძიუდოს ახალი  დარბაზი გაიხსნა, რომელიც ძიუდოს განვითარების ფონდმა ააშენა. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი,  მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე და ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი დაესწრნენ. მინისტრი ძიუდოისტებს გაესაუბრა და  საჩუქრად სპორტული ეკიპირება გადასცა. ძიუდოს დარბაზში, რომელიც უახლესი სტანდარტებით არის მოწყობილი, ყველა პირობაა შექმნილი სავარჯიშოდ - გასახდელები, საშხაპეები, ახალი ტატამები. დარბაზში ამ ეტაპზე 50-მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს. დარბაზი ძიუდოს განვითარების ფონდის და ძიუდოს ფედერაციის მხარდამჭერი კომპანიების, "ზედაზენისა" და კომპანია "პსპ"-ს ერთობლივი ძალისხმევით აშენდა და კეთილმოეწყო. სამომავლოდ ძიუდოს ფედერაცია გეგმავს დარბაზის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას, სატრენაჟორო დარბაზის, საცურაო აუზის და სასტუმროს მოწყობას. საბოლოო ჯამში, კომპლექსი შესაძლებელს გახდის დარბაზში მოსამზადებელი შეკრება ადგილობრივი ძიუდოისტების გარდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა და ეროვნული ნაკრების წევრებმა გაიარონ.