Logo

გუბერნიის ადმინისტრაციის თანამშრომლები მაია შამირიანს სტუმრობდნენ

03 დეკემბერი 2016

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქორომელიძემ და გუბერნიის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მაია შამირიანი მოინახულეს, რომელიც ამჟამად ქ. გორში, კომბინატის დასახლების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს მცირეწლოვან შვილებთან ერთად. შამირიანს რამდენიმე თვის წინ ავთვისებიანი სიმსიმვნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა უსახსრობის გამო შესაბამისი კვლევების ჩატარება ვერ მოახერხა. ამასთან ერთად დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. მათი მდგომარეობის შესახებ გუბერბერნიის ადმინისტრაციისათვის რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რის შემდეგაც მოხდა აღნიშნული ოჯახის მდგომარეობისა და სიტუაციის შესწავლა. ოჯახი სოციალურად დაუცველია და არასათანადო პირობებში უხდებათ ცხოვრება. ადმინისტრაციის თანამშრომლებმა საკუთარი ინიციატივით მცირეწლოვან ბავშვებს, რომელთაც იატაკზე ეძინათ შეუძინეს საწოლი და მაგიდა, რაც მცირედით მაინც გააუმჯობესებს მათ პირობებს. ასევე მაია შამირიანს დაეხმარებიან ანალიზებისთვის განკუთვნილი საფასურის დაფინანსებაში. ,,ამ ოჯახის მდგომარეობის შესახებ ჩვენთვის რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, მოვიძიეთ ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო სამსახურებიდან და ერთობლივად შევისწავლეთ სიტუაცია, თუ რა გზები არსებობდა საკითხის მოსაგვარებლად. როგორც აღმოჩნდა ქალბატონის ჯანმრთელობის პრობლემასთან ერთად ოჯახის საცხოვრებელი პირობებიც არასახარბიელოა, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, რომლებიც მცირეწლოვანები არიან და ფაქტობრივად იატაკზე უწევთ ღამის გათენება. სამწუხაროა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჯერ კიდევ ასეთ პირობებში უხდებათ ცხოვრება, ამიტომ ჩვენ ვიყენებთ ყველანაირ შესაძლებლობასა და საშუალებას, რომ პირველ ეტაპზე ელემენტარული პირობები მაინც შევუქმნათ, რათა ღირსეულ პირობებში შეძლონ ცხოვრება. სამუშაო და გამოწვევები ბევრია, თუმცა ერთმანეთის გვერჩი დგომით, ერთობლივი მუშაობითა და ძალისხმევით შევძლებთ სასურველი შედეგის მიღებას.“ - აღნიშნა იოსებ ოქრომელიძემ