Logo

შიდა ქართლში საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს

18 მაისი 2017

საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით „ფონდების მოძიების სტრატეგია“ მიმდინარეობს გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის მცირე დარბაზში. ფორუმში ხუთი ქვეყანა – საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, ლიტვა და ლატვია იღებს მონაწილეობას. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებთან და მონაწილეებთან ერთად ღონისძიებას ესწრება შიდა ქართლის რწმუნებული – გუბერნატორი, კახა სამხარაძე. ასევე, ესწრებიან  პოლონეთისა და ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში,  მარიუშ მაშკიევიჩი და იანის ზლამეტსი. ფორუმის მიზანია, მონაწილე დელეგაციების მიერ ფონდების მოძიების გზების შესახებ გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს შემდგომში საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ,, მოხარული ვარ, რომ შიდა ქართლში კვლავ ვმასპინძლობთ რიგით მეორე საერთაშორისო ფორუმს, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს გავუზიარებთ საკუთარ გამოცდილებას ფონდების მოძიების მიმართულებით. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა გულისხმობს ხელმისაწვდომობის ზრდას ევროპულ ფონდებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან. ვიმედოვნებ, რომ პროდუქტიული ოთხი დღე გველის წინ, რომელიც შემდგომში სასურველ შედეგს მოგვიტანს რეგიონისა და ქვეყნის განვითარებისთვის.“ – აღნიშნა რწმუნებულმა.

საერთაშორისო ფორუმი ოთხ დღეს გასტანს. გორის საერთაშორისო ფორუმმა ტრადიციული სახე მიიღო. ღონისძიება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით წელს მეორედ იმართება. პირველი ფორუმი, რომლის თემა იყო ,,ინოვაციები მუნიცპალიტეტის მართვაში“, გასული წლის თებერვალში გაიმართა.