Logo

წვევამდელებმა გორის ციხეზე ფიცი დადეს

12 ივნისი 2017

პირველი ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა ფიცი გორის ციხეზე დადეს. ამიერიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 132 წვევამდელი შეემატა. სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და შიდა ქართლის რწმუნებულმა – გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ მიულოცეს, მხარდაჭერა აღუთქვეს და ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვეს. ,,გილოცავთ ფიცის დადებას და ამავდროულად, ჯარისკაცის საპასუხისმგებლო და საამაყო მისიის დაწყებას. უდიდესი პატივია სამშობლოს სამსახურში ყოფნა. მჯერა, რომ ღირსეულად ემსახურებით საქართველოს, დაიცავთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ ვამაყობთ თქვენით და გისურვებთ ამ რთული გზის ღირსეულად გავლას." – მიმართა სამხარაძემ. წვევამდელებმა განახლებული ძირითადი საბრძოლო მომზადება (BCT) პირველი ქვეითი ბრიგადის საწვრთნელ ბაზა ხცისში გაიარეს. კურსის განმავლობაში რეკრუტებმა საცეცხლეს მომზადების, სადისციპლინო წესდების, ტაქტიკისა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები განავითარეს. დღეიდან ახალწვეულები პირველ ქვეით ბრიგადაში ცხრა თვე იმსახურებენ და ახალი სისტემით ისარგებლებენ. ისინი საბრძოლო მომზადებას, ისევე როგორც კონტრაქტით მოსამსახურეები, ყოველდღიურად გაივლიან. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას თითქმის ყველა სწავლებაში მიიღებენ, რაც ქვედანაყოფში ჩატარდება. ჯარისკაცებს გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით სარგებლობისა და უქმე დღეებში დასვენების საშუალებაც ექნებათ.