18 ივლისი 2017
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორ მამუკა კვარაცხელიასთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო, შპს „ახალი თევზი“ გახსნა. აღნიშნული საწარმო „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.
„ახალი თევზი“ წლიურად 150 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზისა და ხიზილალას წარმოებას უზრუნველყოფს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული. უახლოეს მომავალში მათი რიცხვი 65-მდე გაიზრდება. ამ ეტაპზე პროდუქციის 100% განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის, იგეგმება ექსპორტზე გატანაც. კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1,500,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 249,081 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 311,352 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, „ახალი თევზი“, რომელიც ერთ-ერთი პირველი თევზის გადამამუშავებელი ქართული საწარმოა, მნიშვნელოვანი სტიმული იქნება რეგიონში საკალმახე ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის.
სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.