Logo

გორში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა მოეწყო

20 ივლისი 2017

გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო გამყოფი ხაზთან მდებარე სოფლების - ბერშუეთის, აძვის, მერეთის, ერგნეთისა და სკრის მოსახლეობას პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები შეხვდნენ. შეხვედრას შიდა ქართლის რწმუნებული – გუბერნატორი, კახა სამხარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დეპუტატებმა მოისმინეს ადგილობრივების საჭიროებები და მათთან ერთად იმსჯელეს მოგვარების შესაძლებლობებზე. კომიტეტის წევრებმა დაათვალიერეს სოფლებში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ძირითადი ნაწილი მოძველებული და მოუწესრიგებელია. კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ ქალაქ გორში „ქართლის“ სტადიონზე და დევნილ ბავშვთა საფეხბურთო გუნდს ბურთები და სხვა საჩუქრები გადასცეს. ასევე მოინახულეს გორში მიმდინარე სპორტის სასახლის მშენებლობაც. მოგვიანებით, გორის მუნიციპალიტეტის შენობაში კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე მოისმინეს თენგიზ ხუბულურის მოხსენება გორის რაიონში სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში არსებული მდგომარეობის და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესახებ. იმსჯელეს გორის სპორტული ტრადიციებისა და მათი გაგრძელების პერსპექტივებზე. სხდომაში მონაწილეობდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანაასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და სპორტის სხვადასხვა სახეობის, ქალაქ გორისა და გორის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.