Logo

ერგნეთში ,,2008 წლის აგვისტოს მუზეუმი" გაიხსნა

09 აგვისტო 2017

გამყოფ ხაზთან მიმდებარე სოფელ ერგნეთში ,,2008 წლის აგვისტოს მუზეუმი" გაიხსნა. ექსპოზიციის მოწყობის იდეა გორის საკრებულოს წევრს, ერგნეთის მაცხოვრებელს, ლია ჩლაჩიძეს ეკუთვნის. ჩლაჩიძემ მუზეუმს ომის დროს დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სარდაფი დაუთმო. ,,ომის მუზეუმის“ გახსნას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. მუზეუმმა საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია, შესაბამისად, გახსნის პირველივე დღეს უამრავ დამთვალიერებელს უმასპინძლა. სარდაფის სივრცეში მოწყობილი მუზეუმის თითოეული ექსპონატი ომის მძიმე დღეებს ასახავს. როგორც მასპინძელმა აღნიშნა, ექსპოზიციის შევსებაში წვლილის შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.