Logo

სოფელ კარალეთში სეტყვისგან დამცავი ბადეები მოეწყო

11 აგვისტო 2017

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა შიდა ქართლის რეგიონში, გორის რაიონის სოფელ კარალეთში, 3.5 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღისთვის სეტყვისაგან დამცავი ბადეების შეძენისათვის 35 900 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო პროექტის მენეჯერი თორნიკე კაპანაძე, შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სეტყვისგან დამცავი ბადეების მოწყობის პროცესს ადგილზე გაეცნო. 
„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების - 40% -ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა - 60% -ს. 
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარებისთვის თანადაფინანსება გაიცემა ორი კომპონენტის მიმართულებით:
• პირველადი წარმოების კომპონენტი - ინდივიდუალური ფერმერების, საქართველოში რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება.
• გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი - მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება.