Logo

საოკუპაციო გამყოფი ხაზის სოფლებში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

18 აგვისტო 2017

უფასო სამედიცინო აქცია, რომელშიც სახელმწიფო მინისტრმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა მიიღეს მონაწილეობა, ახალუბნის საბავშვო ბაღში ჩატარდა. ახალუბნის, ჯარიაშენის, აძვისა და მუმლაანთკარის მოსახლეობას სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ სხვადასხვა პროფილის 10–ზე მეტმა ექიმმა უფასო გამოკვლევები ჩაუტარა. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი კვლევებისთვის პაციენტების „გორმედში“ ასევე უფასოდ  გადაყვანის და გამოკვლების მიზნით ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და რეანომობილი.   

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დახმარება. მავთულხლართების პირისპირ მცხოვრებ ადამიანებს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ, რადგან მათ განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ. ჩვენ ვაგრძელებთ მათთვის უფასო სამედიცინო აქციების განხორციელებას. ვფიქრობ, ადგილზე სამედიცინო მომსახურების მიღება ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. ამჯერად ამ საქმეში გვერდით შიდა ქართლის გუბერანტორის ადმინისტრაციასთან ერთად სამედიცინო ცენტრი „გორმედი“ დაგვიდგა და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრი ადგილობრივებსაც ესაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფო აგრძელებს მათი საჭიროებების მოგვარებაზე მუშაობას. ქეთევან ციხელაშვილმა.  მოკლედ შეაჯამა ის სამუშაოებიც, რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდა.

სამედიცინო აქცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სამედიცინო ცენტრის „გორმედის“ ორგანიზებით, შიდა ქართლის გუბერნიისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა.