Logo

შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე ზემო ბოშურში ხანძრის შემდეგ არსებულ სიტუაციას გაეცნო

24 აგვისტო 2017

 

შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ატენის ხეობაში, სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარედ არსებულ ტყიან ფართობში, 22 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ, პრაქტიკულად, უკვე დასრულდა მიმდებარე ტყიანი მასივის სრულად შესწავლა და პრევენციული ღონისძიებების გატარება.

შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე და რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე სიმონ გულედანი,  სტიქიის ზონაში არსებული ვითარებას კიდევ ერთხელ გაეცვნენ.

ამ დრომდე, ნახანძარალ ტერიტორიაზე, თავდაცვის უწყების, სატყეო დეპარტამენტის და შსს-ს შესაბამისი დანაყოფების გარდა, რჩებოდნენ შიდა ქართლის გუბერნიის წარმომადგენლებიც.

ხანძრის შედეგად განადგურებულია დაახლოებით 1,5-2 ჰა. ფართობი წიწვოვანი ტყის მასივი და მთის ფერდობზე არსებული ბუჩქნარის საფარი.

ხანძრის ლოკალიზებას რამდენიმე საათი დასჭირდა. ვიდრე სალიკვიდაციო ღონისძიებებში თავდაცვის სამინისტროს გორის ქვეითი ბრიგადის 250 წარმომადგენელი ჩაერთვებოდა, შემთხვევის ადგილზე, სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, რამდენიმე უწყების ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედების გეგმას შიდა ქართლის გუბერნატორი და შსს-ს სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების საფუძველზე,  პრემიერის ხელმძღვანელობით, ბორჯომში მოქმედ საგანგებო შტაბთან შეთანხმებით იღებდნენ.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა მოხალისეთა რამდენიმე ჯგუფიც. გარდა ამისა, ატენის ხეობის მიმართულებით გასამგზავრებლად და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად, გორში ათობით მოხალისე შეიკრიბა, თუმცა, სტიქიის ზონაში მიმდინარე ღონისძიებებში ჩართული უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა, ხანძრის ლოკალიზების პროცესში, მოხალისეების დამატებითი ჯგუფების ჩართვა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების და პრეზიდენის შესაბამისი აქტის საფუძველზე კი, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შეიარაღებული ძალების გორის დანაყოფი მინისტრის, ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ჩაერთო.

23 აგვისტოს, გამთენისას, ბოშურის მიმდებარე ტყიან ფართობში, ხანძრის ლიკვიდაცია მოხერხდა.

ლევან იზორიას განცხადებით, საგანგებო შტაბთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებით შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და სპეციალური ტექნიკა მუდმივ მზადყოფნაშია და ადგილზე მონიტორინგის მიზნით კიდევ ორი დღის განმავლობაში დარჩება, რომ საჭიროების მიხედვით ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ნებისმიერ დროს და ადგილას ჩაერთოს.