Logo

ნიქოზში ანიმაციური ფილმის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

01 სექტემბერი 2017

,,ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ფესტივალების არსებობა, მითუფრო ნიქოზისთვის. ჩვენ მომავალში მხარს დავუჭერთ აღნიშნულ ღონისძიებას, რათა ის უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი გახდეს.“ – აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა, კახა სამხარაძემ.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ანიმაციის რიგით მე-7 საერთაშორისო ფესტივალი დღეს გაიხსნა და 7 სექტემბერამდე გაგრძელდება. ფესტივალმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ანიმაციის სამყაროში და ისეთი მაღალი დონის სტუდიების დაინტერესება გამოიწვია, როგორებიცაა დრეზდენის, სუზდალის, ლაიფციგის და ანესის ანიმაციის ფესტივალები. გახსნის ღონისძიებას გუბერნატორთან ერთად მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი, გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ნიქოზის ანიმაციის სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული ანიმაციური ფილმით გაიხსნა, სადაც გაცოცხლებული იყო ფიროსმანის ნახატები. ნაჩვენები იყო მეუფე ისაიას ანიმაციური პორტრეტი, სადაც მიტროპოლიტი წარმოდგენილია, როგორც მშვიდობისა და შერიგების სიმბოლო. თავად მღვდელმთავარმა ახალგორის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადმოსვლა ვერ მოახერხა, თუმცა ორგანიზატორების თქმით, მიტროპოლიტი ფესტივალს ხვალიდან შეუერთდება. 
გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელთან დაკავშირებით, ნიქოზის მე-7 ფესტივალის მთავარი თემაც გერმანიაა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორ-ანიმატორები და ცნობილი ანიმაციური ფესტივალების ფილმები მიიღებენ მონაწილეობას. სწორედ ამ მიზნით ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის პირველ დღეს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენელი კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს გააცნობს პროგრამის მექანიზმებს, რადგან პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ საქართველოში გაწეული ე.წ კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე პროდიუსერებისათვის ანაზღაურებას გულისხმობს და მიზნად ისახავს ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას, საერთაშორისო კინომწარმოებლების მოზიდვასა და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ცენტრად ქცევას. 
ორგანიზატორთა თქმით, წელს ფესტივალის სტუმრები ისევ გამოჩენილი ანიმატორები და ანიმაციის ცნობილი სკოლების წარმომადგენლები იქნებიან და გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან ჩამოვლენ. უცხოური ანიმაციური ფილმების გარდა, მაყურებელი ქართულ ნახატ ფილმებსაც ნახავს.

ნიქოზის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი 2011 წლიდან ტარდება, რომლის იდეის ავტორი და დამფუძნებელი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ისაიაა, იგი ამჟამად ოკუპირებულ ახალგორში მოღვაწეობს. ფესტივალის თანაავტორი და ერთ–ერთი ორგანიზატორია კინოცენტრი „ქართული ფილმი აფხაზეთი“.