30 იანვარი 2014
ინფორმაცია მიაწოდეს. საგაზაფხულო პროგრამით წელს შიდა ქართლის 72056 ფერმერი ისარგებლებს.„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ მიზანი მცირემიწიანი ფერმერების მაქსიმალური ხელშეწყობაა და, შესაბამისად, სახელმწიფო ყველაზე ენერგოტევად, ყველაზე მნიშვნელოვან სამუშაოებში - ხვნის პროცესში ეხმარება მათ. პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი და ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებს, ხოლო ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა პროგრამის ბენეფიციარების სიების დასაზუსტებლად. ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სიების დაზუსტებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჩათვლით ჰექტარის ფართობის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ. ფერმერები, მიწის ფართობის მიხედვით, დაიყოფიან ორ კატეგორიად და მიიღებენ სხვადასხვა ოდენობის სარგებელს. ეს კატეგორიებია: ა) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა–მდე ფართობის მიწის ნაკვეთი ბ) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთები. „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები წელს ისარგებლებენ ორი ტიპის ბარათით: 1) ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის დარიგდება სასოფლო–სამეურნეო ბარათი (ხვნის ბარათი, 2013 წლის პროექტით გათვალისწინებულის ანალოგიური), 2) სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად, გასული წლისგან განსხვავებით, წელს ფერმერები ისარგებლებენ საბანკო პლასტიკური ბარათით, ე.წ. „აგრობარათით“. აგრობარათი ფერმერს ურთიერთობას გაუმარტივებს სასოფლო–სამეურნეო საქონლის მიმწოდებელთან; მას შესაძლებლობა ექნება სასურველი პროდუქტი მიიღოს ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოებს, რომელიც ნიადაგის ხვნას და სასოფლო–სამეურნეო ტექნიკით მომსახურებას გულისხმობს, შპს „მექანიზატორი“ და 117 კონტრაქტორი შეასრულებს. „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშოების ხელშეწყობის პროექტი“ 1 თებერვალს დაიწყება და აგვისტოში დასრულდება.