Logo

ხაშურის №9 საჯარო სკოლა გაიხსნა

19 სექტემბერი 2017

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ხაშურის შოთა რუსთაველის სახელობის 9 საჯარო სკოლა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, შიდა ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, იოსებ ოქრომელიძემ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა საზეიმოდ გახსნეს.
2016-2017 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. ჯამში რეაბილიტირდა 70 ათასი კვადრატული მეტრი ფართი და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 10,000-ზე მეტი მოსწავლისთვის. 
,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით შიდა ქართლში, ხაშურის 9 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენს რეგიონში ზოგადი განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით. ერთი მხრივ სახელმწიფოს, მეორე მხრივ კი ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, სულ მალე რეგიონს აღარ ექნება საჯარო სკოლებთან დაკავშირებული გამოწვევები“ - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ოქრომელიძემ.
საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის დაფინანსებით. პროექტის მიზანია საჯარო სკოლების სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.