Logo

ორგანიზაციამ CENN შიდა ქართლში მორიგი შეხვედრა გამართა

26 სექტემბერი 2017

კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლებმა შიდა ქართლში მორიგი სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს. შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის წარმომადგენლები, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის აპატარის უფროსი, ნათია ანთელავა და რეგიონის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორგანიზატორებმა შეკრებილებს გარემოს დაცვითი საკანონმდებლო ნორმები და შესაბამისი რეგულაციები გააცნეს, ასევე საუბარი შეეხო ნარჩენების მომსახურების ტარიფებს, დანახარჯებსა და ანაზღაურებას.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზების, მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიანი მართვის პრინციპების გამოყენებით, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ნარჩენების მავნე ზემოქმედების შემცირებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. პროექტის შედეგად 2017 წლის ბოლომდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს 2016 წლის 1 აპრილის საქართველოს მთავრობის №160 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიასა“ და ,,ნარჩენების მართვის 2016-2020 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას“.