Logo

გორში ახალი საწარმო გაიხსნა

06 ოქტომბერი 2017

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხორცისა და თევზის გადამამუშავებელი საწარმო - შპს „ბატონო“, რომელიც „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან, მამუკა კვარაცხელიასთან და შიდა-ქართლის გუბერნატორთან, კახა სამხარაძესთან ერთად გახსნა. 
შპს „ბატონოს“ ხორცისა და თევზის გადამამუშავებელი საწარმოში წლიურად 300 ტონა სხვადასხვა სახის კონსერვებისა და სუპების დამზადება იქნება შესაძლებლი. საწარმოში 230 ადამიანია დასაქმებული.
კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 459,833 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 183,933 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 229,917 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტის ISO:22000 აღებასაც გეგმავს. საერთაშორისო სტანდარტის საერთო ღირებულებიდან 30% ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს, ხოლო დარჩენილ 70% ბენეფიციარი თავად უზრუნველყოფს.
2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო. შიდა-ქართლის რეგიონში შეიქმნა 19 ახალი და გაფართოვდა 81 საწარმო.
სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.