06 ოქტომბერი 2017
შიდა-ქართლის რეგიონში, შპს „ქართულმა ბაღმა“ „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და შიდა-ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარის ვაშლის ბაღი მოინახულეს და მოსავლის კრეფის პროცესს დაესწრნენ. შპს „ქართული ბაღი“ პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და 10 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 98,730 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 80,080 ლარი ნერგებზე, ხოლო 18,650 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი. კომპანიამ კუთვნილ ფართობზე 4 სხვადასხვა ჯიშის ბარი გააშენა და წელს პირველი მოსავლის სახით 15 ტონა ვაშლს ელოდება. ბაღში მუდმივად და სეზონურად 15 ადამიანია დასაქმებული.
„დანერგე მომავლის“ პროექტის ფარგლებში შიდა-ქართლის რეგიონში სულ 1,189 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 7,806,243 ლარი.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.