18 ოქტომბერი 2017
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ და ქალაქ გორის მერმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა გორში მშენებარე მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულეს. ობიექტის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის სპორტის სასახლის მიმდებარედ შესაბამისი ინფრასტრუქტურა კეთდება. 1 ჰა ტერიტორიაზე ეწყობა შიდა გზები და პარკინგი, მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე გარე და დეკორატიული განათება, მათ შორის დასასვენებელ სივრცეები. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 1, 5 მილიონ ლარამდეა.
გორში, მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. კომპლექსის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. სპორტული კომპლექსი სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის იქნება განკუთვნილი და ხელს შეუწყობს, რეგიონში პროფესიული და მასობრივი სპორტის განვითარებას.