Logo

ქარელში, ბრეძა - ჭვრინისის დამაკავშირებელი ახალი გზა კეთდება

19 ოქტომბერი 2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სოფლებში შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს აგრძელებს და გზებზე არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. შიდა ქართლის გუბერნატორთან, კახა სამხარაძესთან და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ზაზა გულიაშვილთან ერთად ზურაბ ალავიძემ ამჯერად ქარელში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 
ბრეძა - ჭვრინისის 3 კილომეტრიან გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება და წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს. 
აღნიშნული გზით საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ორი სოფლის მაცხოვრებლები სარგებლობს. გზის სავალ ნაწილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას სასიცოცხლო ობიექტებამდე გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. ახალი გზით ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა წლის ბოლოდან ისარგებლებს.