Logo

ვაინახური კულტურის კვირეული გორში

06 ნოემბერი 2017

გორში, ვაინახური კულტურის კვირეული დაიწყო. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში ღონისძიებები 6, 8 და 10 ნოემბერს ჩატარება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი პროგრამა - კონცერტი, საჯარო ლექციები, ქისტური ფოლკლორისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, ვაინახურ თემაზე შექმნილი წიგნების პრეზენტაცია, პანკისის ხეობასა და პანკისელ ქისტ ქალებზე გადაღებული ვიდეორგოლების პრეზენტაცია, ქისტი პოეტების შემოქმედების გაცნობა, ბავშვთა თეატრის სპექტაკლი, სპორტული ღონისძიებები და სხვა. მონაწილეობას მიიღებენ პანკისის ხეობის მკვიდრი პედაგოგები, მოსწავლეები, სპორტსმენები, ფოლკლორული ანსამბლები, უხუცესები და ა.შ. კვირეულის მიზანია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, კულტურის თვითმყოფადობის შემადგენელი ელემენტების ენის, ტრადიციების, შემოქმედების ნიმუშებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება, ქართულ-ვაინახური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება. დამსწრე საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა უშუალოდ ქისტი ხალხისგან მიიღოს ინფორმაცია, ეზიაროს მათ კულტურასა და ხელოვნებას. ღონისძიების პირველ დღეს წარმოადგენილი იყო ქისტური ფოლკლორის ნიმუშები. ასეევე ქართული ცეკვები და სიმღერები. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საითხებში ქეთევან ციხელაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე. კვირეულის გახსნაზე იმყოფებოდნენ ქისტი ახალგაზრდები და ვაინახური თემის უხუცესი წარმომადგენლები. გორის უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი სოსიაშვილის თქმით, უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას დაუთმობს ქისტური კულტურის შესწავლას. რექტორის განმარტებით, იგეგმება, რომ აღნიშნული მიმართულება არჩევით საგნადაც იქცეს.