10 ნოემბერი 2017
კომპანიამ „ნატახტარი“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ საქართველოს რეგიონებში დაგეგმილი ადვოკატირების კამპანია შიდა ქართლიდან დაიწყო. გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრებზე შეხვედრის ორგანიზატორებმა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს, თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარუდგინეს. პრეზენტაციასთან ერთად, მოეწყო ახალი პროგრამისა და მზრუნველობამოკლებული მოზარდებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით რეგიონებში არსებული ვითარების განხილვა. შეხვედრაზე დამსწრე მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურის წარმომადგენლემა ისაუბრეს არსებულ სიტუაციებზე, გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე. ასევე, მზადყოფნა გამოხატეს სამომავლო თანამშრომლობისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია. პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.