Logo

გორში საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვეს

30 დეკემბერი 2017

29 დეკემბერს გორის თეატრში ჩატარდა გორის მუნიციპალიტეტის სკოლების გაერთიანების მიერ ორგანიზებული ღონისძიება ,,სპორტული გორი 2017". ღონისძიების პარტნიორები იყვნენ გორის მუნიციპალიტეტის მერია და შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია. წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი. საუკეთესო მწვრთნელად მისი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი, გუნდად კი რაგბის გუნდი ,,ჯიქი" დასახელდა. 
გორის თეატრის შენობაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე ,,სპორტული გორი 2017" სულ ათ ნომინაციაში გაირკვა საუკეთესონი. წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ვაჟი გახდა გიორგი გეგელაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გოგონა მარიამ კარელიძე (თავისუფალი ჭიდაობა), წლის საუკეთესო მსაჯი ნიკოლოზ ზაუტაშვილი (ძიუდო), წლის საუკეთესო დარბაზი – გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზი, წლის საუკეთესო არაოლიმპიელი სპორტსმენი – პაატა ღვინიაშვილი (ქართული ჭიდაობა), წლის საუკეთესო მოთამაშე-მწვრთნელი – ციალა ქასოშვილი (ჭადრაკი), წლის საუკეთესო შეჯიბრების ორგანიზატორი – თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
სპორტული სეზონის შემაჯამებელი დაჯილდოების ცერემონია გორში პირველად ჩატარდა. მისი ორგანიზატორი იყო გორის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების გაერთიანება, ღონისძიების პარტნიორები გორის მერია და შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია. ორგანიზატორებმა გორში სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სპეციალური ჯილდოები და საჩუქრები გადასცეს გურამ პაპიტაშვილს, გივი ზაუტაშვილს, თენგიზ ხუბულურს, ნუგზარ სხირელს, გია თენაძეს, ავთანდილ შოშიაშვილს და გიორგი კანდელაკს. 
სპეციალური ჯილდოები მიიღეს ამჟამად მოქმედ გორელ სპორტსმენთა ხუთეულმა – ლადო ხინჩეგაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა, ბექა ღვინიაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა.