Logo

445 დევნილ ოჯახს გორში ბინები გადაეცა

28 დეკემბერი 2017

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გორში, 8 ახალაშენებულ კორპუსში 445 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადასცა.  ბინების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე დაესწრნენ.  დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის რეგიონში 5 ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ. 

გორში, სამინისტროს მიერ აშენებულ კორპუსებში სულ 480 ბინაა, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართი 445 დევნილ ოჯახს გადაეცა, დარჩენილ 35 სამოთახიან ბინაზე კი განაცხადების მიღების მეორე ეტაპი ცხადდება. პირველ ეტაპზე, განაცხადის შევსება მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილებს შეეძლოთ და სამოთახიანი ბინის მსურველი ყველა ოჯახი, რომლებსაც, კრიტერიუმების შესაბამისად, მინიმუმ 1 ქულა მიენიჭათ, დაკმაყოფილდა.  ახალაშენებულ კორპუსებში დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის შემდეგ, შიდა ქართლის რეგიონში დევნილთა განსახლების მწვავე პრობლემა გადაიჭრა.