11 იანვარი 2018
უხვი ნალექის შედეგად შექმნილი მდგომარეობის გამო, შიდა ქართლში საგანგებო საველე შტაბია შექმნილი, რომელსაც გუბერნატორი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. ამ დროისთვის ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს როგორც გაწმენდითი, ასევე წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. პარალელურად, მერიის თანამშრომლები ადგილზე,მოსახლეობისგან იღებენ ინფორმაციას მიყენებული ზარალის შესახებ. გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე ტილიანა ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ცალკეული ადგილები დატბორა.
საგანგებო შტაბის წევრის გუბერნატორის მოადგილის სიმონ გულედანის თქმით, „მას შემდეგ რაც ხაშურის და ქარელის მუნიციპალიტეტებში პრობლემა შეიქმნა, მყისიერად მოხდა შესაბამისი ტექნიკისა და სამსახურების მობილიზება და პირველ ეტაპზე აუცილებელი სამუშაოების დაწყება. რაც შეეხება ამ მონაკვეთს, სოფელ გომს, ადიდდა მდინარე ტილიანა, კალაპოტმა წყლის ჭარბი რაოდენობა ვეღარ დაიტია და შესაბამისად, დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ეზო. თუმცა, დაუყოვნებლივ მოხდა გომში სპეციალური არხების გაჭრა, რათა მომხდარიყო წყლის დაწრეტა. ამ დროისთვის შედარებით დასტაბილურდა ვითარება, თუმცა, ჯერჯერობით კვლავ ველით წყლის დონის დაწევას. რაც შეეხება გომის მოსახლეობის პროტესტს და გზის გადაკეტვას, ვფიქრობ, პროტესტის ეს ფორმა საფუძველს მოკლებული იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა არსებული ვითარების დარეგულირებისთვის და უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციოდ. ჩვენი თხოვნის საფუძველზე მოსახლეობამ გზა გახსნა. ამ დროისთვის გომი-საჩხერის საავტომობილო გზაზე მოძრაობა სრულადაა აღდგენილი. ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის, მხარის გუბერნია, ხაშურის მუნიციპალუტეტის მერია, ადგილზე ვრჩებით და წყლის დონის დაწევისთანავე სამუშაოების შემდგომ ეტაპს დავიწყებთ. იგეგმება იმ საცხოვრებელი სახლებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუბვა, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად დაზარალდნენ“.