Logo

სოზარ სუბარი შიდა ქართლში იმყოფებოდა

24 იანვარი 2018

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ საზღვრისპირა სოფელ შინდისში განახლებული საბავშვო ბაღი დაათვალიერეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 48 საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და აღიჭურვა. მათ შორის 6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შიდა ქართლის რეგიონში მდებარეობს. საბავშვო ბაღების აღსაზრდელების 50%-ზე მეტს დევნილი ბავშვები შეადგენენ. საბავშვო ბაღების დაფინანსების პარალელურად, პროგრამა მიზნად ისახავდა უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას.  მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად, საქართველოს მასშტაბით,  გრანტი  1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის 227 პროექტი  შიდა ქართლის რეგიონში დაფინანსდა.

მინისტრამ და გუბერნატორმა, მოგვიანებით სოფელ ვარიანში პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სასათბურე მეურნეობაც მოინახულა.  ცხინვალიდან დევნილმა ელგუჯა კახნიაშვილმა, გრანტის საშუალებით,  სათბურის კონსტრუქცია და სარწყავი სისტემა შეიძინა. ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს კასპში, თელიანის დევნილთა ჩასახლებაში წისქვილი, რომელიც აჩაბეთიდან დევნილმა ვიტალი კაცელაშვილმა ევროკავშირის დაფინანსებული საგრანტო პროგრამის დახმარებით,მოაწყო.  

საგრანტო პროგრამა - „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ - ევროკავშირის დაფინანსებით, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) განახორციელეს.