25 იანვარი 2018
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კაფე გაიხსნა, სადაც სტუდენტებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლების გარდა, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება არსებული სერვისით სარგებლობა. კაფე უნივერსიტეტის მეორე კორპუსის გვერდით, კომპიუტერული ცენტრის სხვენზე მოეწყო. გახსნის ცერემონიას დაესწრო შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, უნივერსიტეტის პროფესორებთან, სტუდენტებთან და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად. უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა ლიტერატურული კაფის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქის ლიტერატურული ცხოვრებისთვის კაფე დამატებითი იმპულსის მიმცემი იქნება. კახა სამხარაძემ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებაზე ზრუნვისთვის. ღონისძიების დასასრულს ნაჩვენები იქნა უნიკალური კადრები, სადაც ცნობილი ქართველი პოეტები საკუთარ ლექსებს კითხულობენ.