01 თებერვალი 2018
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში 1 800 000 ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა. საგრანტო განაცხადი კონკურსში ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრმა 2017 წლის მაისის თვეში შეიტანა. პროექტის “ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება ეკონომიკური ზრდისათვის“ საერთო ღირებულება 2 100 000 ლარია, აქედან მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების წილი 300 000 ლარს შეადგენს. პროექტის განხორციელების პერიოდში მოხდება ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარედ ტურისტული ინფრასრუქტურის მოწყობა და იქ არსებული საგამოფენო სივრცის რეაბილიტაცია, აშენდება საინფორმაციო ცენტრი, სატრენინგო და სუვენირების სარეალიზაციო სივრცე, მოეწყობა ტურისტული ავტო და ველო სადგომები, 4 500 გრძივი მეტრის ველობილიკი, ასევე, 3-4 საზოგადოებრივი საპირფარეშო. პროექტის განხორციელება მიმიდინარე წელს დაიწყება და 2020 წლისთვის დასრულდება.
პროექტის მიზანია საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურიზმის სფეროში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შესაძლებლობების შექმნა, ახალგაზრდების დასაქმების მიზნით, მათი უნარების გაძლიერება ტრენინგების, სტაჟირებისა და ბიზნეს-კონსულტაციების სერვისის გზით.