Logo

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის პრეზენტაცია

28 თებერვალი 2018

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში  ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნო ინფორმაციას ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელებული ღონისძიებების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ღონისძიება სიტყვით გახსნა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. პრეზენტაციაზე საპატიო მომხსენებელი იყო კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის დირექტორი სტეფანო დომინიონი. შეხვედრას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, რეგიონული მმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრას ესწრებოდა შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენელი თამაზ ქობულაშვილი. ქობულაშვილი დეტალურად გაეცნო კრიტერიუმებს, რომელის მიხედვითაც ამა თუ იმ რეგიონს, საშუალება აქვს განაცხადი გააკეთოს კულტურული მარშრუტების პროგრამის წევრობაზე. ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამას საფუძველი 1987 წელს ჩაეყარა. პროგრამის მიზანია სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმოჩენა საერთო კულტურული მემკვიდრეობის ჭრილში - კულტურის სფეროში თანამშრომლობა და ტურისტული გამოცდილების გაზიარება. იგი მიმართულია ნაკლებად ცნობილი ტურისტული დანიშნულების ადგილების აღმოჩენასა და პოპულარიზაციისკენ. ამ დროისთვის, ევროპის საბჭოში 31 სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტია.

საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (Enlarged Partial Agreement) წევრი სახელმწიფო 2016 წელს გახდა. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და საქართველოში ევროპული ღირებულებების დანერგვას. ამასთან, ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურული მარშრუტების განვითარებასა და საქართველოს ინტეგრაციას ტრანსნაციონალურ მარშრუტებში.