Logo

შიდა ქართლის გუბერნიამ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პრეზენტაცია გამართა

22 მარტი 2018

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას საზოგადოების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა და მის მიზანს თავშესაფრის კონცეფციის საჯარო განხილვა წარმოადგენდა. პროექტის თანახმად, თავშესაფარში განთავსდება თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი, ცხოველთა საოპერაციო და პოსტ საოპერაციო კაბინეტები, სხვადსხვა კატეგორიის ცხოველზე გათვლილი ვოლიერები და კრემატორიუმი, სადაც განუკურნებელი დაავადების გამო დაძინებული ცხოველების კრემაცია მოხდება. პროექტში, ასევე, გათვალისწინებულია ცხოველთა პოპულაციის მართვის ძირითადი და პრიორიტეტული მეთოდები. თავშესაფრის შენობა აღიჭურვება უსაფრთხოების სისტემებით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ტერიტორიაზე მოეწყობა ინდივიდუალური საკანალიზაციო სისტემა.

პროექტის ავტორთა თქმით, თავშესაფარს მოემსახურება ოთხი ავტომობილი, რომლებიც უმტკივნეულო მეთოდებით უზრუნველყოფენ ქუჩიდან ცხოველის თავშესაფარში გადაყვანას, სადაც მდგომარეობის გათვალისწინებით მათ შესაბამისი სამედიცინო თუ სხვა სახის მანიპულაციები ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც მოხდება ცხოველთა ანკეტირება და საკუთარ ტერიტორიაზე დაბრუნება. თავშესაფრის სერვისებით ისარგებლებენ როგორც უპატრონო, ასევე მზრუნველობის ქვეშ მყოფი ცხოველები.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოების მიერ გაჟღერებული შეკითხვები ძირითადად ადმინისტრირებისა და მართვის საკითხებს ეხებოდა, რომელსაც პასუხებს პრექტის ავტორები და გუბერნატორი, კახა სამხარაძე სცემდნენ. რწმუნებული-გუბერნატორის განმარტებით, ადმინისტრირებისა და ტექნიკური მოცემულობის საკითხები მენეჯმენტის პრეროგატივა იქნება, ამ შემთხვევაში კი მხოლოდ პროექტის კონცეფტუალური ნაწილი განიხილება. კახა სამხარაძის თქმით, პროექტი გადაეგზავნება მუნიციპალიტეტებს, რომლებიც თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის შექმნის საკითხზე.