Logo

გორში ძიუდოს კლუბი დაარსდება

05 აპრილი 2018

შიდა ქართლის გუბერნატორი გორელ ძიუდოისტებს შეხვდა, რა დროსაც გორის ძიუდოს კლუბის დაარსებაზე იმსჯელეს. აღნიშნული ინიციატივა ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილს ეკუთვნის. მან ეს ინიციატივა შიდა ქართლის გუბერნატორს, აკაკი მაჭუტაძეს და გორის მუნიციპალიტეტის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს გააცნო. ამ დრომდე გორელი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებზე სხვადასხვა ქალაქის კლუბების სახელით გამოდიოდნენ. აკაკი მაჭუტაძის თქმით, სამხარეო ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს აღნიშნული ინიციატივის სისრულეში მოყვანას. თავის მხრივ, სპორტსმენებს დახმარება მუნიციპალიტეტის მერმაც აღუთქვა. გორელ ძიუდოისტებთან შეხვედრა გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა. აკაკი მაჭუტაძემ თბილისის გრან პრის მონაწილეებს მიღწეული წარმატება მიულოცა. ტურნირზე, სადაც მსოფლიოს 38 ქვეყნის 300-ზე მეტი მონაწილე ასპარეზობდა, წარმატებით გამოვიდნენ გორელი ძიუდოისტები. შეჯიბრებაზე სულ 7 გორელი სპორტსმენი გამოდიოდა და მათგან ხუთი სხვადასხვა სინჯის მედლის მფლობელი გახდა. გრან პრიზე ოქროს მედლები მოიპოვეს ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა, ვერცხლის მედალი გიორგი პაპუნაშვილმა, ბრინჯაოს მედლები კი თემურ ნოზაძემ და ნუგზარ ტატალაშვილმა დაისაკუთრეს. ყველა მედალოსანი გორელი ძიუდოისტი გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.