17 აპრილი 2018
შიდა ქართლის რწმუნებული–გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე, პირველ მოადგილესთან, სიმონ გულედანთან და კასპის მუნიციპალიტეტის მერთან, მანუჩარ მერებაშვილთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და რეგიონში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა. ამჟამად, კასპში, ეფრემ II - ის 200 გრძივი მეტრის სიგრძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ კი 257 636 ლარი შეადგინა. ასევე, მიმდინარეობს კასპის განახლებული სპორტის სასახლის მიმდებარედ, თაყაიშვილისა და ჭონქაძის ქუჩების რეაბილიტაციაც, რომელთა მშენებლობაც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ღირებულება ჯამში 375 361 ლარს შეადგენს, ქუჩების სიგრძე კი 817 მეტრია. მხარის რწმუნებულმა სოფელ სამთავისის ტაძართან გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა, რომლის სიგრძეც 800 გრძივი მეტრია. პროექტი რეგიონული განვითარების პროექტებიდან მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 602 876 ლარია.
კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების გარდა, მხარის რწმუნებულმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიც მოინახულა. პირადად შეხვდა და გაესაუბრა სოფლების, საკორინთლოსა და კოდისწყაროს მაცხოვრებლებს. შეხვედრაზე გუბერნატორი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო. კერძოდ, გამოიკვეთა სასმელი და სარწყავი წყლის საკითხი. მაჭუტაძის თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული მდგომარების ადგილზე გაცნობა, რომელიც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პრიორიტეტების სწორად გადანაწილებასა და მოსახლეობის საჭიროებების განსაზღვრას.