Logo

გუბერნატორმა ხაშურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

18 აპრილი 2018

ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს. შიდა ქართლის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ  პირველ მოადგილესათან, სიმონ გულედანთან და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გურასპაშვილთან ერთად ადგილზე დაათვალიერა სამუშაოები. კერძოდ, მოინახულა ქვიშხეთში, ტეზერსა და სურამში - 26 მაისის ქუჩებზე გზების მშენებლობი. მიმდინარე წელს  სოფელ ქვიშხეთში მოეწყობა 2 200 გრძივი მეტრი გზა და მიმდებარე ჩიხებში - 282 გრძივი მეტრი გზის მონაკვეთები, რის შემდეგაც  ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულის და მასში შემავალი სოფლების: ბეღლეთის, ბულბულისციხის და მონასტრის 3000– მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი ისარგებლებს. გზის მშენებლობასთან ერთად, მოეწყობა სანიაღვრე არხებიც, რაც სტიქიის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. რაც შეეხება ქვიშხეთის გზას,  რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დასრულდება. პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 955 925 ლარს შეადგენს. თანადაფინანსებით ხორციელდება სოფელ ტეზერში ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოებიც და ჯამში 540 999 ლარს ითვლის. აღნიშნული გზის რეაბილიტაციით ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების – ტეზრის, ყიფიანთუბნის და სავანისუბნის 2000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი ისარგებლებს.
დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩის რეაბილიტაცია თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტი 542 400 ლარს ითვლის და ივლისის ბოლოსთვის დასრულდება. 26 მაისის ქუჩა კომპაქტური დასახლებაა და პროექტის დასრულების შემდეგ 800-მდე ადგილობრივ მცხოვრებს მკვეთრად გაუუმჯობესდება საყოფაცხოვრებო პირობები.

ხელისუფლების წარმომადგენლები ხაშურის №7 და  №8 საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებსაც გაეცვნენ.№7 სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაცია შენობისა და ეზოს სრულ კეთილმოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება. ასევე, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მინის ტარის დასახლებაში,  №8 საბავშვო ბაღის მშენებლობაც. პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 538 965 ლარს ითვლის. სააღმზრდელო დაწესებულება 100–მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.

მოგვიანებით, გუბერნატორმა ხაშურში მშენებარე სპორტული კომპლექსი და დიმიტრი ყიფიანის სახლ–მუზეუმის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა. სპორტული კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 2 292 455 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საკალათბურთო, სახელბურთო, საჭიდაო, ძალოსნობის, მძლეოსნობისა და ფიტნეს დარბაზები. მეორე სართულზე განთავსდება საჭადრაკო ოთახი და სატრენაჟორო დარბაზი. ეწყობა მცირე საკონფერენციო დარბაზი და კაფე-სასადილო. შენობაში განთავსდება 40 ადამიანზე გათვლილი სასტუმროც. სპორტული კომპლექსი ყველა თანამედროვე სტანდარტს უპასუხებს და ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.  დაბა ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაც ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. რომლის ღირებულებაც 887 000 ლარის შეადგენს. პროექტი  მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის ხელშეწყობის თვალსაზრისით. აღნიშნული პროექტების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.