Logo

გუბერნატორმა გორში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

23 აპრილი 2018

გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები შიდა ქართლის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ პირველ მოადგილესთან, სიმონ  გულედანთან, გორის მუნიციპალიტეტის მერთან, კონსტანტინე თავზარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. კერძოდ, სამების, (სტალინის გამზირიდან პეტრიაშვილის ქუჩის კვეთამდე), ნინოშვილის, თბილისის, რომელაშვილების  (ჩოჩიშვილის ქუჩის კვეთიდან ფერაძის ქუჩის კვეთამდე), თოიძისა და დავითაშვილის ქუჩები. ასევე, გაეცნო რკინიგზის დასახლებაში მდებარე ქუჩებისა და სანიაღვრე სისტემების სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსებით მიმდინარეობს.

სამების ქუჩის მშენებლობისთვის გამოყოფილია 590 000 ლარი. პროექტის ფარგლებში განხორციელდება 744 გრძ/მ სიგრძის ქუჩის მონაკვეთის მოპირკეთება, მოეწყობა 2980 გ/მეტრი ბაზალტის ბორდიური. ასევე, მოხდება საფეხმავლო სივრცეებისა და მიმდებარე გაზონების სრული რეაბილიტაცია. ნინოშვილის ქუჩის სამშენებლო სამუშაოებისთის გამოყოფილია 894 773 ლარი, რომლის ფარგლებშიც დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ბეტონის ბორდიურები, ასევე ჩატარდება საფეხმავლო სივრცეების სრული რეაბილიტაცია. თბილისის ქუჩაზე მიმდინარეობს 671 გრძ/მ სიგრძის ქუჩის სატრანსპორტო სივრცის რეაბილტაცია. მოეწყობა ახალი დახურული სანიაღვრე სისტემა. აგრეთვე, გაკეთდება ბეტონის დახურული 60 მეტრიანი არხი, რომელიც მიუერთდება ნინოშვილის ქუჩის არსებულ სანიაღვრე ქსელს. პროექტისთვის დაიხარჯება 450 000 ლარი. რომელაშვილების ქუჩის სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს როგორც სატრანსპორტო, ისე საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაციას. მოეწყობა 234 მეტრის ახალი სანიაღვრე სისტემაც. პროექტისთვის გათვალისწინებულია 273 766 ლარი. როგორც თოიძის, ისე დავითაშვილის ქუჩაზე დაიგება ასფალტი, მოეწყობა ახალი ბეტონის ბორდიური და ტროტუარი.  რაც შეეხება რკინიგზის სადგურის დასახლებაში მდებარე ქუჩებისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციას, პროექტისთვის გამოყოფილია 358 293 ლარი, რომლის ფარგლებშიც მოასფალტდება მარაბდელის ქუჩის I და II მონაკვეთი, მოეწყობა ბეტონის ბორდიური და მოპირკეთდება ტროტუარი. ასევე, რეაბილიტირდება გაბაშვილის ქუჩის I და II ჩიხი, თრიალეთის ქუჩა, კეცხოველის ჩიხი, ატენის ქუჩის I და II მონაკვეთები.

მაჭუტაძის თქმით, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მალე გორის მაცხოვრებლები  რეაბილიტირებული გზებითა და საფეხმავლო სივრცეებით ისარგებლებლებენ.