27 აპრილი 2018
ნატოს დღეების ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის იუსტიციის საზოგადოებრივ ცენტრში რეგიონის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თორნიკე ნოზაძე. მომხსენებლებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე. შეხვედრას შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე, სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილიც ესწრებოდნენ.
ნატოს დღეები საქართველოში მეთერთმეტედ აღინიშნება. ღონისძიებების მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება. აღნიშნული დღეების ფარგლებში, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე საზოგადოებასთან ინტენსიური შეხვედრა-დისკუსიები იმართება როგორც თბილისში, ისე საქართველოს 8 რეგიონში (კახეთი, შიდა-ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო-ქართლი).
წელს ნატოს დღეები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.