Logo

გუბერნატორი ხაშურის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა

04 მაისი 2018

ხაშურის მუნციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს შიდა ქართლის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ, გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, სიმონ გულედანმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გურასპაშვილმა.

ამჟამად, მინის ტარის დასახლებაში მიმდინარეობს №8 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც სამ ჯგუფზეა გათვლილი და დასრულების შემდეგ, 100–ზე მეტი აღსაზრდელის მიიღებას შეძლებს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსებით მიმდინარეობს და ღირებულება 538 965 ლარს შედაგენს.

ხაშურის სპორტული კომპლექსის მიმდებარედ მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა მინი სტადიონი, საჩოგბურთო მოედანი, ავტოსადგომი, რეკრეაციული ზონები. ეზოს კეთილმოწყობაზე 700 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების დასრულება ზაფხულში იგეგმება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სურამში, 26 მაისის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებიც მოინახულეს. პროექტის ღირებულება 542 000 ლარს შეადგენს, რომელიც ითვალისწინებს ასფალტის საფარისა და სანიაღვრე არხების მოწყობას. მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს ტეზერსა და ქვიშხეთშიც. სოფელ ტეზერში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსებით მიმდინარეობს ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოები, რომელიც ჯამში 540 999 ლარს ითვლის. აღნიშნული გზის რეაბილიტაციით ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ტეზერის, ყიფიანთუბნის და სავანისუბნის 2000-მდე ადგილობრივი მცხოვრები ისარგებლებს.

ქვიშხეთის გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივლისის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 955 925 ლარი ჯდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 2 200 გრძივი მეტრი გზა და მიმდებარე ჩიხებში - 282 გრძივი მეტრი გზის მონაკვეთები. აღნიშნული გზის მშენებლობით ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულის და მასში შემავალი სოფლების: ბეღლეთის, ბულბულისციხეს და მონასტრის 3000– მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი და სტუმარი ისარგებლებს. გზის მშენებლობასთან ერთად, მოეწყობა სანიაღვრე არხები, რაც მომავალში სტიქიის გამომწვევ რისკს შემცირებს.